"ბულგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე სექტორის განვითარების დიდ პოტენციალს ვხედავთ"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად ბულგარეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ეკონომიკური პროფილის სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ხელი მოვაწერეთ ოქმს, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ბულგარეთთან განსაკუთრებით გავაღრმავოთ ეკონომიკური ურთიერთობა“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. მინისტრის თქმით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა იმისთვის, რომ ამოქმედდეს შუა კორიდორი და საქართველო გახდეს სატრანზიტო ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის.

„შევთანხმდით, რომ უნდა შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ, როგორ გავხადოთ საქართველოსა და ბულგარეთს შორის საზღვაო მიმოსვლა უფრო ეფექტური და ხშირი, ვიდრე გვაქვს დღეს. ეს დაგვეხმარება, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ტვირთები“ - განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას განცხადებით ბულგარეთის მხარესთან ასევე განხილული იყო პირდაპირი ფრენების საკითხები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოქმშიც დაფიქსირდა, რომ საქართველო და ბულგარეთი იმუშავებენ პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რაც დაგვეხმარება არამარტო ტურიზმის განვითარებაში, ასევე ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაში ორ ქვეყანას შორის.