ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის ტერიტორიაზე 27 196 030,40 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
28 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულების პროექტი: ტყიბულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ცხრაჯვარის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კურორტ ცხრაჯვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების პროცესი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან მიმდინარეობს და დოკუმენტზე მუშაობა ცოტა ხნის დასრულდა. პროექტზე „ა.ა.ი.პ რეგიონალური განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის“ სპეციალისტები მუშაობდნენ.
განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად საპროექტო ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული, სპორტულ-შემეცნებითი და სხვა ზონები.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტულ ზონაში 100-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. საპროექტო ორგანიზაციის გაანგარიშებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება გზისა და გარე განათების სამუშაოების გარეშე, 27 196 030,40 ლარს შეადგენს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ცხრაჯვრამდე მისასვლელი გზისა და გარე განათების რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეიქმნა.