2019 წლის 2 თვეში საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს სტატისტიკაში. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-თებერვალში სამოხელეო დანაშაულის 85 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წელს - 99, 2019 წლის 2 თვეში კი უკვე 103, საიდანაც მხოლოდ 5 საქმე გაიხსნა.
ცნობისთვის, დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სიყალბეს, ქრთამის აღებასა და მიცემას.
კონკრეტულად 2019 წლის იანვარ-თებერვალში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 20 ფაქტი დაფიქსირდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების - 51 ფაქტი, სამსახურებრივი გულგრილობის - 8 ფაქტი, სამსახურებრივი სიყალბის - 4 ფაქტი, ქრთამის აღების - 18 და ქრთამის მიცემის 2 შემთხვევა.
რაც შეეხება 2018 წელს, შს სამინისტროს ინფორმაციით, სამოხელეო დანაშაულის 645 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან, 51 საქმე ანუ 7.91% უკვე გახსნილია.
სტატისტიკურად სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 388 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. ამასთან, შსს-ს ცნობით, გასულ წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 75; სამსახურებრივი გულგრილობის - 66; ქრთამის აღების - 60; სამსახურებრივი სიყალბის - 38 და ქრთამის მიცემის - 14 ფაქტი დარეგისტრირდა.