თინა ხიდაშელი: დეპუტატის ხელფასი 3000 ლარზე მეტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, პარლამენტში დეპუტატების ანაზღაურება არც ისე დაბალია.

მისი თქმით, დეპუტატის ხელფასი ყოველთვიურად 3000 ლარზე ცოტა მეტია და ეს ნორმალურიცაა.

"არ შეიძლება არც ერთ სამინისტროში რომელიმე დეპარტამენტის უფროსს ჰქონდეს იმაზე მეტი ანაზღაურება, ვიდრე პარლამენტის წევრს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრებს უნდა მოემატოს ხელფასი. ეს ნიშნავს, რომ უნდა განისაზღვროს სისტემა. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს დაბალი ხელფასი აქვს. ეს არ არის ბელგია ან კიდევ შვეიცარია, რომ ვედრებოდეთ. თუ კანონს ასე წერტილ-მძიმით გავყვებით, გავიგებთ, რომ მაშინ 1600 ლარი გვაქვს ხელფასი. მაგრამ ეს ხომ არ აინტერესებს საქართველოს მოსახლეობას. ვის ვატყუებთ?! საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება ორნაწილიანია. ეს არის 1600 ლარი ხელფასი და დაახლოებით ამდენივე სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის დამატებით თანხა. საბოლოო ჯამში, ეს 3000 ლარზე ცოტა მეტი გამოდის. თანამდებობის პირებს კი ხელფასი უფრო მეტი აქვთ. ეს არის ძალიან ნორმალური ანაზღაურება და თუ ვინმეს განცდა აქვს, რომ 1600 ლარი აქვს ხელფასი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს და ექვითება სანქციებისთვის. სანამ დეპუტატის ხელფასის მომატებაზე ვისაუბრებთ, დეპუტატებმა ჯერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება დაიწყონ, სხდომებზე იარონ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.