პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმა უკვე შეარჩია.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სააგენტოს აუდიტს შპს „იუაი“ (Ernst & Young Global Limited) განახორციელებს.
„საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საპენსიო სააგენტომ. დაევალოს საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „იუაი“-სთან („Ernst & Young Global Limited“) გააფორმოს ხელშეკრულება,“-აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
ცნობისთვის, შემოწმების სრული ღირებულება 29 500 ლარს შეადგენს.
Ernst & Young Global Limited-ი ლონდონში დაფუძნდა. კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყანაში ოპერირებს და სულ მის სტრუქტურებში 270 000 ადამიანი არის დასაქმებული. E&Y უზრუნველყოფს კომპანიებისთვის გარანტიას, მათ შორის ფინანსურ აუდიტს, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას.