კახა კალაძე : გუნდის წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ ბენზინის ფასი 1 ლარით შემცირდებოდა და ელექტროენერგია განახევრდებოდა

გუნდის წევრებს არასდროს უთქვამთ, რომ ბენზინის ფასი 1 ლარით შემცირდებოდა და ელექტროენერგია განახევრდებოდა.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა რატომ არ ასრულებს მთავრობა ბენზინის ფასის 1 ლარით შემცირებასთან და ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებასთან დაკავშირებული დაპირებას.

კალაძის თქმით, ელექტროენერგიის ტაარიფის ზრდა მომავალში არ იგეგმება. "რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასის შემცირებას, ჩვენ მოსვლიდან პირველივე დღეს დავიწყეთ მუშაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით. შეიქმნა ჯგუფი და ჩვენ მოვახერხეთ 4 თეთრით შემცირება ელექტროენერგიის საფასურის. ვფიქრობ, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი. გაიზრდება თუ არა ფასი ელექტროენერგიაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ამაზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია. თქვენ თქვით, რომ ჩემმა მოადგილემ გააკეთა განცხადება, თითქოს უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდებოდა. მან განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების უმნიშვნელო ზრდა არ იქნება. ტარიფი შედგება სხვადასხვა კომპონენტისგან. აქ არის გენერაცია, გადაცემა და დისტრიბუცია. შეიძლება რომელიმე კომპონენტში გაიზარდოს ფასი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამომხმარებლო ტარიფი აბონენტებისთვის გაძვირდება. 15 აგვისტოსთვის იგეგმება შეხვედრები ექსპერტებთან და იქნება საუბარი თუ რამდენი იქნება ტარიფი მომხმარებლისთვის. მაგრამ, პირველადი ინფორმაციით, ტარიფის გაზრდა არ იგეგმება", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასის გაზრდას, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს საერთაშორისო ბაზრის ფასებმა განაპირობა.