სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია Adidas-ი და მომღერალი ბიონსე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. როგორც გამოცემა AdAge წერს, შეთანხმება ითვალისწინებს ახალი ერთობლივი კოლექციის შექმნას და მომღერლის ბრენდ Ivy Park-ის თავიდან ჩაშვებას. პირველად ბრენდი მომღერალმა სამი წლის წინ ჩაუშვა ბრიტანულ კომპანია Topshop-თან ერთად, თუმცა გასულ წელს ბიონსემ ბრენდი ამოისყიდა.
ახალი შეთანხმება ჩვეულებრივი ხელშეკრულების ჩარჩოებს სცდება. ასეთი ხელშეკრულება ბრენდებსა და ვარსკვლავებს შორის ხშირად ფორმდება. ამჯერად მოსალოდნელია, რომ ბიონსე პირადად მიიღებს მონაწილეობას პროდუქციის შექმნაში, მათ შორის ფეხსაცმლის. გარდა ამისა, მომღერალი მონაწილეობას მიიღებს ახალი ხაზის მარკეტინგულ განვითარებაში.
„როგორც წესი, ბრენდებისა და ვარსკვლავების კოლაბორაციას ტრადიციულად შეზღუდული ეფექტი აქვს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, მაგალითად, მომღერალ რიანასა და Puma-ს თანამშრომლობას არაჩვეულებრივი წარმატება ხვდა წილად. როგორც ჩანს, სწორედ ამან უბიძგა Adidas-ს გადაედგა ამ ტიპის ნაბიჯი ბიონსესთან. შედეგად კი ბიონსე არამხოლოდ ბრენდის სახე, არამედ პროდუქციის კონსულტანტიც იქნება, რაც მოიტანს ახალ ხედვას Adidas-ში“ - აცხადებენ ექსპერტები.
მომღერლის Adidas-თან თანამშრომლობა იმითაც არის საინტერესო, რომ მისი მეუღლე რეპრეი ჯეი-ზი გახდა Puma-ს კრეატიული დირექტორი და მუშაობს კალათბურთელებისთვის სპორტული პროდუქციის ხაზზე.