3 თვეში საგამოძიებო სამსახურმა 54 000-მდე კოლოფი უაქციზო თამბაქო ამოიღო

საქართველოში უაქციზო თამბაქოს შემოტანის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში უწყებამ 53 939 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რაც 57,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 3 თვეში სულ 34 254 კოლოფის ამოღება მოხდა.

ამასთან, 2019 წლის 3 თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით (მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა) გამოძიება 52 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 41 პირის მიმართ დაიწყო. რაც შეეხება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს, საგამოძიებო სამსახურმა, ამავე მუხლით გამოძიება 19 საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა 17 პირის მიმართ დაიწყო.

გაზრდილია წლიური მაჩვენელებიც. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს უწყების თანამშრომლებმა სულ 653 271 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, აღიძრა 98 საქმე და სს დევნა დაიწყო 79 პირის მიმართ. 2017 წლის განმავლობაში, აღნიშნული სახის დანაშაულზე გამოძიება 65 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სს დევნა 66 პირის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2017 წელს 558 685 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.