თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის დარღვევაზე სანქცია შესაძლოა, შეიცვალოს.
ასეთი რეკომენდაცია გაიცა დეპუტატების მხრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის ანგარიშის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას.
კერძოდ, დეპუტატების რეკომენდაციით კარგი იქნება მოხდეს ჯარიმის დიფერენცირება და მისი ოდენობა არადეკლარირებული თანხის პროცენტით (პირობითად 5-10%) განისაზღვროს და ნებისმიერი დარღვევისთვის ფიქსირებული თანხა - 1 000 ლარი აღარ იყოს.
ამასთან, სხდომაზე ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწასთან ერთად კარგი იქნება, ბიუროს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ რიგ შემთხვევაში თვითონვე მოახდინოს მსუბუქი გადაცდომებისა, თუ შეცდომების არაარსებით დარღვევებად აღიარება და ასეთ დროს დეკლარანტი არ დააჯარიმოს.
„2018 წლის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც და, რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ნორმებში კონკრეტიკის შეტანა აუცილებელია. საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც პარლამენტს საგაზაფხულო სესიის მსვლელობისას წარედგინება“-აღინიშნა სხდომაზე.