როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაიწყებთ სხვადასხვა რაიონში სიარულს, იმის მიუხედავად, შეგეშლებათ თუ არა, ქალაქების სახელები და აგერევათ თუ არა კენჭისყრის დროს პულტები, ერთი რამე ნამდვილად არ აგერევათ, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ უკმაყოფილებას იმ საბანკო რეგულაციების გამო, რომლის ავტორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, - ასე მიმართა კოლეგებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადაფარებულები არიან. ჭიაბერაშვილმა დეპუტატებს კითხვითაც მიმართა, დააყენებდნენ თუ არა კობა გვენეტაძის პასუხისმგებლობის საკითხს, როცა საბანკო რეგულაციებს გადახედავენ.
„პირველ რიგში, დეპუტატებს მივმართავ, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში ქართველ ხალხთან. როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატები წინასაარჩევნოდ დაიწყებთ სხვადასხვა რაიონში სიარულს იმისდა მიუხედავად, შეგეშლებათ თუ არა ქალაქების სახელები და იმისდა მიუხედავად, აგერევათ თუ არა კენჭისყრის დროს პულტები, ერთი რამე ნამდვილად არ აგერევათ, თქვენ დაინახავთ უზარმაზარ უკმაყოფილებას ზოგადად, „ქართული ოცნების“ მმართველობით, მაგრამ განსაკუთრებით, იმ საბანკო რეგულაციების გამო, რომლის ავტორიც ახლა ამ დარბაზში ზის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით. პასუხისმგებლები თქვენ ხართ.
როცა გაუფასურებული ლარის გამო იყო პრეტენზიები, თქვენ უტევდით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მათ შორის, აქ მსხდომი დეპუტატებიც. ოღონდ, მაშინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სხვა იყო, ბატონი ქადაგიძე. დღეს იმის გამო, რომ სხვა გვარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გადაფარებული ხართ და მზად ხართ, თქვენს თავზე მიიღოთ ის დარტყმა, რომლის ავტორიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტია. ჩემი პირველი კითხვა თქვენდამი არის, როცა აუცილებლად მოგიწევთ ამ საბანკო რეგულაციების გადახედვა, იმ უზარმაზარი ზიანის გათვალისწინებით, რასაც ჩვენი მოქალაქეობა იღებს, მზად ხართ თუ არა, ეროვნული პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოთ და მოითხოვოთ მისი გადაყენება, იმ უზარმაზარი ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ეკონომიკას კი არა, ათიასობით ჩვენს მოქალაქეს ადგება ამ საბანკო რეგულაციების გამო“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.