„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ მმართველი ძალა გააგრძელებს მავნებლურ პოლიტიკას ფინანსური რეგულაციების მიმართულებით, ეს გადავა კრიმინალურ სივრცეში და ორგანიზებული დანაშაული დამატებით ფუნქციას შეიძენს.
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პრლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უნდა მოუსმინონ.
ბოკერიას თქმით, ეკონომიკაში დაშვებული შეცდომის დაგვიანებით გამოსწორება, კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პოზიცია არ აქვს. ის უბრალოდ მთავრობის პოზიციას „აპრავებს“ აქ, ჩვენს თვალწინ და არა მარტო ამ საკითხში. მე მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ საგანგაშო ამბავზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან იმ კრიტიკის პასუხად, რომ სესხებმა გადაინაცვლა კერძო პირებთან, კერძო პირებისგან დაიწყო ხალხმა სესხება და მან აქ გამოთქვა პოზიცია, რომ ამის კრიმინალიზება უნდა მოხდეს. თურმე უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს და იქაც დაწესდეს მკაცრი რეგულაციები. თუ ამ გზით წახვალთ და გააგრძელებთ თქვენს მავნებლურ პოლიტიკას, ეს ყველაფერი გადავა მთლიანად კრიმინალურ სივრცეში, კანონმორჩილ მოქალაქეებს კიდევ უფრო გაურთულდებათ ცხოვრება და ორგანიზებული დანაშაული შეიძენს დამატებით ფუნქციას“, - განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაშვებული შეცდომა დროულად გამოასწორონ.
„იმ ფონზე, როცა თქვენგანაც კი გვესმის აქა-იქ რაციონალური წუხილი, როცა ფინანსთა მინისტრმა უკვე თქვა, რომ ისინი განიხილავენ გადახედვას ამ მავნებლური ნაბიჯის, მოგიწოდებთ ყველას, ამ ფიგურის იმედი აღარ უნდა გქონდეთ. თქვენ კიდევ გაქვთ არჩევნებზე წარმატების ილუზია და სანამ ეს ილუზია გაქვთ, დააფიქსირეთ პოზიცია, რომ სწრაფად იქნას შეტრიალებული ეს მავნებლური ნაბიჯი. ის პოზიცია, რაც აქ მოვისმინეთ, ჯერ დავიცადოთ და ვნახოთ შედეგიო, ეს არის კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე დაცდა. მერე შემოტრიალება კიდევ უფრო რთულია. ეკონომიკის ზრდაზე და ეკონომიკაზე როცაა საუბარი, უცებ შემოტრიალება არ ხდება, როცა ზიანს მიაყენებ. გამოსწორებას დრო სჭირდება, ამიტომ დროზე შეცვალეთ ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ბოკერიამ.