"ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესაძლებლობების გათანაბრებას"

სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც აუცილებელია როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოფლის განვითარებისა და ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბების თაობაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„რეგიონული განვითარების სამინისტროს პრიორიტეტია პატარა ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც გვაქვს დედაქალაქში, ანუ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების შესაძლებლობების გათანაბრებას. ამასთანავე, უნდა შევიმუშავოთ ისეთი რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მოდელი, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ პროგრესს, მაგალითად, ტურიზმის ან წარმოების სფეროში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა მთის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაო პროცესზეც ისაუბრა.

საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენცია ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას საქართველოში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას.