Facebook განიხილავს შესაძლებლობას, აფრიკის კონტინენტის გარშემო წყალქვეშ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი განათავსოს. პროექტის მიზანია კონტინენტისთვის ფართოხაზოვანი ინტერნეტის მისაწოდებლად დანახარჯების შემცირება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა სოციალურ ქსელში. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი კაბელი აფრიკის კონტინენტის დასავლეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გაატარონ. შედეგად კი გააერთიანონ კონტინენტის რამდენიმე ქვეყანა. გამოცემა აზუსტებს პროექტის სახელწოდებასაც - მას „სიმბა“ ქვია.
Facebook-ის წარმომადგენელმა ტრეივის როდმა აღნიშნულზე საუბრისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ „კომპანია განიხილავს მთელს მსოფლიოს, როცა საქმე ეხება წყალქვეშა კაბელებს“. გამოცემა აღნიშნავს, რომ პროექტი ჯერ განხილვის სტადიაზეა და საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, არც მიიღონ.