საათები, სამკაულები და BMW x6 - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. მასვე წინა მთავრობის პერიოდში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს და როგორია მარიამ ქვრივიშვილის ფინანსური მდგომარეობა. 2019 წლის 4 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილი ფლობს 147 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

მასვე ეკუთვნის ასევე, მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. ამასთან, ქვრივიშვილის საკუთრებაშია - Rolex ორი საათი, რომელიც 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, 10 000 და 12 000 დოლარად აქვს შეძენილი, ასევე - Cartier-ის სამაჯურსა და ბეჭედს, რომლებიც 2017 წელს ჯამში, 10 500 დოლარად აქვს ნაყიდი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 60,090.68 ლარი; 1 974.01 დოლარი და 3 914,29 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შპს „ვოიაჟერის“ 10%-იან და შპს „ეარლაინრეფრეზენთ ეიშენგრუპის“ 30%-იან წილს ფლობს, თუმცა, ორივე კომპანიაში ახლა წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის აქვს გადაცემული. ამ კომპანიებში პარტნიორბიდან ქვრივიშვილმა გასულ წელს, შესაბამისად, 42 105,27 ლარისა და 4 421,6 ლარის შემოსავალი მიიღო. ის ასევე იკავებდა ორივე კომპანიის დირექტორის თანამდებობას. აქედან, „ვოიაჟერის“ დირექტორობისას მისმა შემოსავალმა - 207 331,7 ლარი შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: დედაქალაქში 45,36 კვ. მეტრი ფართობის ბინის 33,33%-იან წილს, ასევე - 97,7 კვ. მეტრისა და 94,2 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mercedes E Class-ი. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, 22 080.64 ლარი და 700,15 დოლარი ჰქონდა.

თაია არდოტელი