ქართული ჯავშანმანქანა ”დიდგორი” შესაძლოა ექსპორტზე გავიდეს

ქართული ჯავშანმანქანა ”დიდგორი” შესაძლოა, მალე ექსპორტზე გავიდეს.

ამის შესახებ დღეს ”ბიზნესკურიერში” ისაუბრეს. როგორც გადაცემაში აღნიშნეს, ჯავშანმანქანის ექსპორტზე გასვლის შემთხვევაში, პირველივე შეკვეთები 3 მილიარდ დოლარს მოიტანს.

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ”დელტას” ხელმძრღვანელის, ოთარ ჩიტაშვილის განცხადებით, ტექნიკური მახასიათებლებით, დიდგორი უკვე მოხვდა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ჯავშანტრანსპორტის გვერდით.

”დღევანდელი სიტუაციით, მინიმუმ ორ ტენდერში, პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახეთ. ეს არის ტექნიკური შეფასების ეტაპი, რაც ნიშნავს, რომ ”დელტას” მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები, თავისი ტექნიკური პარამეტრებით, ისეთი კომპანიების პროდუქტების გვერდით დგას, როგორებიცაა ”რენო”, ”ივეკო” და რუსული წარმოების ”ტიგრი,”- აცხადებს ოთარ ჩიტაშვილი.

”დელტას” სტრატეგია სამხედრო საექსპორტო დანიშნულების პროდუქტის შემუშავება და მისი წარმოებაა, მიზნობრივ ბაზრებს კი ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნები წარმოადგენენ.