Honda თურქეთში ქარხანას დახურავს

იაპონური საავტომობილო კომპანია Honda 2021 წელს თურქეთში მოქმედი ქარხნის დახურვას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში წერია, ქარხნის დახურვის გადაწყვეტილება გამოწვეულია კომპანიის გლობალური განვითარების სტრატეგიის გადახედვით და ელექტრომობილების მიმართულებით დამატებითი რესურსების მობილიზებით, ვინაიდან მათი წილი მსოფლიო ბაზარზე მუდმივად იზრდება. მიუხედავად ქარხნის დახურვისა, თურქეთში დარჩება კომპანიის სადილერო ქსელი.

Honda-ს ქარხანა თურქეთში პროვინცია კონჯაელში მდებარეობს და ის იქ 1997 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის აქ წლიურად 38 ათასი „ცივიკის“ წარმოება ხდება. ქარხანაში დასაქმებულია 1,1 ათასი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ თურქეთში 28 ათასი ავტომობილი გაყიდა.

კოკა კვირკველია