საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, 2018 წელს, ფულადმა გზავნილებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიგრანტების მიერ მსოფლიო გადარიცხვების მოცულობამ 529 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 9,6%-ით მეტია წინა რეკორდზე. მაშინ ფულადი გზავნილების მოცულობა 483 მლრდ დოლარი იყო.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2019 წელს ფულადი გზავნილები 550 მლრდ დოლარს მიაღწევს, რაც შესაძლოა, დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის უდიდესი გარე დაფინანსების წყარო გახდეს.
რაც შეეხება მსოფლიოში მთლიანი გადარიცხვების მაჩვენებელს, 2018 წლის მონაცემებით, 689 მლრდ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი 633 მლრდ დოლარი.
ამასთან, 2018 წელს ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამხრეთ აზიის ქვეყნებში, სადაც ეს მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, 12%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნებში კი - 7%-ით.
ფულადი გადარიცხვების მთავარი მიმღები ქვეყნები არიან: ინდოეთი - 79 მლრდ დოლარი, ჩინეთი - 67 მლრდ დოლარი, მექსიკა- 36 მლრდ დოლარი, ფილიპინები - 34 მლრდ დოლარი, ეგვიპტე - 29 მლრდ დოლარი.
რაც შეეხება ფულად გზავნილებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აქ 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 59 მლრდ დოლარი შეადგინა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ფულადი გზავნილების მატება, პოლონეთში, რუსეთში, ესპანეთში და აშშ-ში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა, რადგან ეს ქვეყნები ფულადი გადარიცხვების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.
ამავე მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მსხვილი ფულადი გზავნილების მიმღებად ითვლება უკრაინა, რომელმაც 2018 წელს მისთვის რეკორდული რაოდენობა, 14 მლრდ დოლარი მიიღო. ეს კი, 2017 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია.
რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 1 576 508 500 აშშ დოლარი შემოვიდა, რაც ეროვნულ ვალუტაში, 4 მილიარდ ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი მოცულობის გადარიცხვების მთავარი არხი ბანკები იყო, რომელსაც საფოსტო გზავნილები მოსდევს.