„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოში ორ დღიანი საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი გაიმართება. ფორუმი ორგანიზებულია „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, უმასპინძლებს თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს - კაბო ვერდედან, კამბოჯადან, ჩადიდან, კოლუმბიიდან, ეგვიპტიდან, ელ სალვადორიდან, იორდანიიიდან, მადაგასკარიდან, მიანმარიდან, ნეპალიდან, სამოადან, სიერა ლეონედან, შრი-ლანკიდან და ზამბიიიდან.
„თამბაქოს მოხმარება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი მეორე მიზეზია, რაც ყოველ წელიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. თამბაქოს ეპიდემია მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის პრობლემას არ წარმოადგენს, იგი ასევე აფერხებს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია არის ერთადერთი საერთაშორისო ნორმატიული აქტი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც ავალდებულებს 181 ხელმომწერ ქვეყანას დაიცვან ყველა მოქალაქე თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან. კონვენციის სრული აღსრულება ნიშნავს მილიონობით სიცოცხლის გადარჩენას, ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, ეკონომიკურ ზრდას და, შესაბამისად, ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - აცხადებენ ფორუმის ორგანიზატორები.
საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის ორგანიზატორები არიან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.