აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განუცხადა.
წილოსანი ვერ აკონკრეტებს, როდიდან მოხვდება ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე, თუმცა აცხადებს, რომ ჩინურ მხარესთან ტექნიკური საკითხების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.
„ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქართული თაფლი ჩინეთის ბაზარზე გავიდეს. ეს პროცესი პირველ რიგში დაკავშირებულია, ვეტერინარული და წარმოშობის სერთიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. ქართულმა მხარემ ჩინეთის კომპეტენტურ უწყებებს უკვე გადაუგზავნა ყველა საჭირო ინფორმაცია და ველოდებით ჩინური მხარის რეაგირებას“, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის თაფლის სარეალიზაციოდ სამიზნე ბაზრად არ განისაზღვრება მხოლოდ ევროკავშირის ბაზარი და გარდა იმისა, რომ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტი განიხილება, სპარსეთის ყურის ქვეყნებიც საკმაოდ მიმზიდველია ამ კუთხით.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მზადაა გააკეთოს გამოცდის ოქმები და გასცეს შესაბამისი სერთიფიკატი. მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო თაფლის ყველა მწარმოებელს, რომ მაქსიმალურად მომზადებულნი იყვნენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე მათი პროდუქტი კონკურენტუნარიანი იყოს“, -აცხადებს წილოსანი.