ჩვენ 4 000 000-ს ვხარჯავთ, რომ შევიძინოთ „ჭკვიანი კამერები“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქში არსებულ ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას, ერთგვარად ხელს ე.წ. ჭკვიანი კამერების დაყენება შეუწყობს, რომელიც დარღვევებს გამოავლენს.
„ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს საავტობუსო ზოლებზე და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით. ჩვენ, როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით, ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული სტანდარტი რაც არის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დედაქალაქის ქუჩებში. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით არის შესაძლებელი პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს. ვიდეოკამერები, რომლებიც დამონტაჟდება, იქნება „ჭკვიანი კამერები“ და რა თქმა უნდა, წესების დარღვევისთვის - ჯარიმები, რადგან ავტობუსის ზოლზე ადამიანებმა არ უნდა იარონ, ველობილიკები საპარკინგედ აქვთ გადაქცეული. ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. შესაბამისად, ჩვენ 4 000 000-ს ვხარჯავთ, რომ შევიძინოთ ეს კამერები, შეთანხმებული გვაქვს შსს-სთანაც,“- განაცხადა კახა კალაძემ.