"ევროკავშირში ღვინის ექსპორტი თითქმის მესამედით გაიზრდება"

"ღვინის წარმოების გაზრდა ჯერჯერობით ვენახების არსებული ფართობებითაც შეგვიძლია"

წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა - დღეს საქართველოში ადგილწარმოშობის 18 ღვინოა რეგისტრირებული, აქედან 14 კახეთში და თითო-თითო ქართლში, იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში. ჩვენთან ასევე იწარმოება სუფრის ღვინოები და ერთიც და მეორეც საკმაოდ დიდი მოცულობით გადის საექსპორტო ბაზრებზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. მაგალითად, 2007 წელთან შედარებით, ქართული ღვინის გაყიდვა 2012 წელს 2,1-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ემბარგოს მოხსნამდეც ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იმატებდა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის - ჩინეთში, სადაც შარშან მილიონზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა. 2012 წელს კი ქართული ღვინო სულ 43 ქვეყანაში გავიდა ექსპორტით და 23 მილიონი ბოთლი შეადგინა.

უფრო ახალ მონაცემებს თუ გადავხედავთ, 2014 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) ღვინო გავიდა 34 ქვეყანაში (26,872 მილიონი). ეს კი 136%-ით მეტია 2013 წლის პირველი 6 თვის მონაცემზე. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ექსპორტის მთლიანი მოცულობის 66%-ით ლიდერობს. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, რუსეთი ქართული ღვინისთვის მაინც არასტაბილურ ბაზრად განიხილება და აქცენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე კეთდება, მით უფრო, რომ 1-ლი სექტემბრიდან მათი კარი ფართოდ იღება ქართული ღვინისთვის.

ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: "2013 წელს საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 3 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა და საბაჟო სატარიფო გადასახადის სახით ღვინის ამ მოცულობაზე მეწარმეებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამოქმედდება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება და ქართული ღვინისთვის საბაჟო ტარიფი გაუქმდება, ბუნებრივია, ეს დიდი შეღავათი იქნება ღვინის ექსპორტიორებისთვის.

რაც შეეხება ევროკავშირის სხვა მოთხოვნებს, მათ შორის სურსათის უვნებლობასა და ხარისხთან დაკავშირებით, ღვინის შემთხვევაში ეს მოთხოვნები გაცილებით ადრე შესრულდა, რათა ქართული ღვინო ევროკავშირის ბაზარზე გასულიყო. გვაქვს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიები, რომლებიც ევროკავშირის სისტემის ნაწილია და აღიარებულია აქ გაცემული სერტიფიკატები. ღვინოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ყველა მოთხოვნას უკვე ვაკმაყოფილებთ და 1-ლი სექტემბრიდან შეგვიძლია DCFTA-ის ნებისმიერი სატარიფო შეღავათით ვისარგებლოთ.

ვფიქრობ, გაისად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30%-ით გაიზრდება. მართალია, სატარიფო ბარიერი იხსნება, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ დახურულ ბაზარზე, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაში იყო. საბაჟო ტარიფის განულების მიუხედავად, ევროკავშირის დახლზე ქართული ღვინის ფასი, ალბათ, არ შეიცვლება, მაგრამ ექსპორტიორებისთვის ეს ბიზნესი უფრო მიმზიდველი იქნება, რადგან ისინი ფინანსურ შეღავათებს მიიღებენ და გამოთავისუფლებული სახსრები შეუძლიათ მიმართონ, მაგალითად, მარკეტინგული ღონისძიებებისკენ.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩვენთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი პოლონეთია და, ვფიქრობ, ამ სტატუსს მომავალშიც შეინარჩუნებს. ველოდებით, რომ ნულოვანი სატარიფო ბარიერის ამოქმედების შემდეგაც ის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრად დარჩება. მეტიც, ველოდებით, რომ მომავალ ხუთ წელიწადში ქართული ღვინის ექსპორტი პოლონეთის ბაზარზე ხუთჯერ გაიზრდება. პოლონეთის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ქართული ღვინისთვის ყველაზე მსხვილი ბაზრებია ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოსდევს გერმანია".

როგორც ღვინის მწარმოებელ კომპანიებში ამბობენ, ხშირ შემთხვევაში მათ თავად არ უწევთ არც პროდუქციის ექსპორტზე გატანა და არც შემდეგ მისი გაყიდვა ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარზე. ამას პარტნიორი კომპანიების დახმარებით აგვარებენ, რაც საქმეს ბევრად ამარტივებს. დღეს ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებამდე, ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქციის შესატანად ღვინის ექსპორტიორები საბაჟო გადასახადის სახით ლიტრ ღვინოზე (საექსპორტო ქვეყნის მიხედვით) 10-დან 20 ევროცენტამდე იხდიან, რასაც ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება. ქართული ღვინის 1 ბოთლი ევროკავშირის ბაზარზე საშუალოდ 4-6 დოლარად იყიდება. ღვინის ადგილწარმოშობის სერტიფიკატი თავად ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ უნდა აიღოს. სოლიდური, მსხვილი ბიზნესისთვის ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ როგორც თავად ამბობენ, დასათვლელადაც არ ღირს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატარიფო ლიბერალიზაცია ბევრ პროდუქტზე მოქმედებს. ჩვენ კარგა ხანია ვსარგებლობთ პრეფერენციების სისტემა GSP-ით, რაც ნულოვან საბაჟო ტარიფებს გულისხმობს პროდუქციის ვრცელი ჩამონათვლისთვის. ის აქამდეც ითვალისწინებდა საქართველოდან ღვინის ევროპაში ექსპორტს საბაჟო გადასახადის გარეშე, ოღონდ დაწესებული იყო ლიმიტი - მილიონი ბოთლი 1 წელიწადში, ხოლო უფრო მეტის გატანისას უკვე საბაჟო გადასახადი მოქმედებდა. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება კი საბაჟო გადასახადისგან ღვინის მთელ მოცულობას გაათავისუფლებს.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”