სამეგრელოში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონების დამონტაჟება დაიწყო

,,სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მეორე ეტაპი დაიწყო, რაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების დამონტაჟებას გულისხმობს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ფერომონიან დამჭერებს ტყისპირა ზოლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში ამონტაჟებენ. სპეციალური ხაფანგები მავნებლის იდენტიფიკაციისა და გავრცელების ზუსტი არეალის დადგენის შესაძლებლობას იძლევა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სწორედ მონიტორინგის შედეგების საფუძველზე იგეგმება.

,,მონიტორინგის პარალელურად, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურად მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობასთან.

სამეგრელოს მცხოვრებლები ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, ასევე აღნიშნავენ, რომ საინფორმაციო შეხვედრების წყალობით, მავნებელთან დაკავშირებით ბევრად ინფორმირებულები არიან.

„მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში დამონტაჟდება, სადაც მონიტორინგის პირველი ეტაპის შედეგად მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.