ჯერ კიდევ არაა ცვლილებების პროცესი დამთავრებული, ყოველდღიურად ახალი მოთხოვნები დგება, თუმცა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების შედეგად, დაახლოებით 10%-ით მოგვიწევს პროდუქციის გაძვირება, - ამის შესახებ კომპანია "დიოს" დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა „ინტერპრესნიუსს" შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების დაცვა საჭიროა, თუმცა ამ მოთხოვნების გათვალისწინება პროდუქციის გაძვირებას იწვევს.
როგორც დაუშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვებისას სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად იმასაც მიექცეს ყურადღება, რამდენად იცავს კომპანია შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
„შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება, რაც შემდგომ პროდუქციის გაძვირებას იწვევს.
სახელმწიფო ყველაზე დიდი შემსყიდველია და ამასთან, კერძო სექტორისთვის მაგალითიცაა, როდესაც სახელმწიფო აწესებს სტანდარტებს და შემდეგ შესყიდვებში არ ითხოვს მათ დაცვას, ეს ცოტა უხერხულიცაა. მოტივაცია მცირდება კანონმორჩილი კომპანიებისთვის, როდესაც სახელმწიფო ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელსაც არ აქვს დაცული შრომის უსაფრთხოების სტანდარტი. ამიტომ, ზოგ კომპანიას პროდუქციის ღირებულების გაზრდას ურჩევნია, რომ კანონი დაარღვიოს და ჯარიმა გადაიხადოს,"- განმარტავს დაუშვილი.