საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ ბუნებრივი გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გაყიდვა განხორციელდება შემდეგ ლოტებად:

ლოტები #1 - #10 თითოეული ლოტის ოდენობა შეადგენს 1 000 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს;

ლოტები #11 - #15 თითოეული ლოტის ოდენობა შეადგენს 2 000 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს;

ლოტი #16 და #17 თითოეული ლოტის ოდენობა შეადგენს 5 000 000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს.

აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობისას საწყისი ფასი შეადგენს 618,54 ლარს ყოველ 1 000 (ათას) მ³ ბუნებრივ გაზში (დღგ-ს გარეშე).

სააუქციონო ვაჭრობა იწყება „საწყისი ფასით“ და გრძელდება „საწყისი ფასის“ 5,38 ლარის ბიჯით გაზრდის პრინციპით.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, საჭირო დოკუმენტაცია კორპორაციაში უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 17 აპრილის 14:00 საათამდე (თბილისის დროით). აუქციონი ჩატარდება ამავე დღეს 16:00 საათზე (თბილისის დროით), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში. (ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 21).

აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტ გვერდზე - www.gogc.ge