საქართველოს მთავრობის დადგენილების ცვლილების შედეგად, დეტალურად განისაზღვრა ის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელთა მიერ აუცილებელია.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.
წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით ასევე გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც, თავისთავად გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე.