"ხულო-ზარზმის პროექტი ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს საათნახევრით შეამცირებს"

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო- ზარზმის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც სამობილიზაციო სამუშაო მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია 47-კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. 2-ზოლიან გზაზე კი დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი.

„კლიმატური პირობების გამო მხოლოდ ახლა მოხერხდა სამუშაოების დაწყება და დაზამთრებამდე ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება. პროექტი, რომელსაც მომავალ წელს ჩავიბარებთ, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დროს საათნახევრით შეამცირებს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია ისეთი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად, რომლებიც უგზოობის თუ სხვა მიზეზით აქამდე არ სტუმრობდნენ საქართველოს მთიან რეგიონებს.

„დამსვენებლების მოზიდვას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა გამოაცხადა გიდებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისთვის საჭირო სამუშაო ძალის გადამზადების პროგრამები. სრულიად უფასოდ, მხოლოდ წელს, 1500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება. გვაქვს სხვა პროგრამებიც, მაგალითად - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. კომპლექსური მიდგომითა და უკეთესი სერვისების შეთავაზებით, ჩვენ აუცილებლად შევქმნით ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ გარემოს მთელს საქართველოში და მათ შორის მაღალმთიან აჭარაში,“ - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.