ვასილ ურუშაძე თბილისის ქუჩებში ამობრუნებული მანქანების განთავსებისთვის დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს

„ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე თბილისის ქუჩებში ამობრუნებული მანქანების განთავსებისთვის დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს.

როგორც ურუშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნულ კამპანიას უარყოფითად რამდენიმე ფაქტორის გამო აფასებს. კერძოდ, მისი თქმით, ერთი მხრივ, თბილისის ქუჩებში ამობრუნებული ავტომობილების განთავსება ქალაქს ამახინჯებს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში კი მსგავსი კამპანია არაეფექტიანი, მოძველებული და დრომოჭმულია, მეორე მხრივ კი ინფრასტრუქტურა - გზის საფარი და ტროტუარები ზიანდება. გარდა ამისა, მისი შეფასებით, აღნიშნული კამპანია არაფრის მომცემი არ იქნება არც საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირიქით, ის მძღოლებს „ყურადღებას გაუფანტავს“. აღნიშნულ კონტექსტში, ვასილ ურუშაძე მიიჩნევს, რომ თბილისის მერიას არცერთი კომპანიისთვის ამ პროექტის განხორციელების ნება არ უნდა მიეცა.

„შუა ქალაქში დამტვრეული ავტომანქანების განთავსება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში არაფრის მომცემი იქნება გარდა იმისა, რომ დაამახინჯებს ქალაქს და ხელს შეუწყობს საცობების წარმოქმნას. მსგავსი საინფორმაციო კამპანიის წარმოება - ავტოსაგზაო შემთხვევებში მონაწილე მანქანების გამოფენა შესაძლოა, ეფექტიანი ყოფილიყო მომატებული საფრთხის მქონე გზებზე, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, მაგალითად, გომბორის უღელტეხილზე, საქალაქთაშორისო გზებზე და მაგისტრალებზე. თუმცა, ეს კამპანია მაინც არაეფექტიანი, მოძველებული და დრომოჭმულია თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. სადაც შესაძლებელია 3D ბილბორდების და ილუსტრირებული გრაფიკის განთავსება, ჯართის და დამტვრეული ავტომობილების გამოფენა უხერხულიც კია. ეს მიზანს არ გაამართლებს. ამასთან, ქალაქის ცენტრში ჯართის განთავსება ესთეტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც მიზანშეუწონელია. დიდი შეცდომაა ვიღაცის მიერ დაშვებული. ეს არის დამატებითი ხარჯი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა - გზის საფარი და ტროტუარი. სრულიად გაუაზრებელი კამპანიაა, თუ ეს გათვლილია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე,“ - განაცხადა ურუშაძემ.

გარდა ამისა, ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ ეს კამპანია უკავშირდებოდეს რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეზენტაციას, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ელექტროავტომობილების წარმოებას იწყებს.

„გამორიცხული აღარაფერია ამ ქალაქში. არაპროგნოზირებადი და ალოგიკური ნაბიჯების მომსწრენი ვართ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ურუშაძემ.