“აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

10 აპრილს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს საერთაშორისო ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებში, აბდულა ალ სალეჰის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები საქართველოს ისეთ სფეროებში მიღწეულ შედეგებზე გაკეთდა, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე, საგადასახადო სისტემა და ზოგადად, საინვესტიციო გარემო. აბდულა ალ სალეჰიმ ყურადღება საქართველოში მზარდ ტურიზმზე გაამახვილა. შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა, რომ საქართველომ უმასპინძლოს ინვესტორებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რომლებიც უკეთ გაეცნობიან საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებს უძრავი ქონებისა და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით.

„კიდევ ერთი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურ მდივანთან, ჯამალ საიფ ალ ჯარვანი-სთან გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიმდინარე რეფორმები და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები, რომელიც საინტერესო იქნება ინვესტორთა საბჭოს წევრი წამყვანი კომპანიებისთვის.

საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია წარადგინა ყოვეწლიურ საინვესტიციო ფორუმზე (AIM), რომელიც 8-10 აპრილს ქ. დუბაიში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოთი დაინტერესებული 100-მდე პოტენციური ინვესტორი. ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო სპეციალური საინფორმაციო სტენდით, სადაც ასევე უძრავი ქონებისა და ლოჯისტიკის სექტორში მოღვაწე ქართულმა კომპანიებმა წარადგინეს საინვესტიციო პროექტები“, - აღნიშნულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.