შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საზოგადოებას რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია და შუალედური ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას დიპლომატიური კორპუსის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობაზე, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაზე, წარმოების განვითარებასა და გარემოს დაცვის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით და ვოლიერებით აღჭურვილი ცხოველთა მულტიფუნქციური თავშესაფარია.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სოზარ სუბარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.
,,ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო და ძალიან მასშტაბური, თუნდაც, დავასახელოთ ის ფაქტი, რომ წელს, თითქმის ორჯერ მეტი ფული იხარჯება ვიდრე გასულ წელს და ყოველწლიურად მზარდია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მეორე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება, რაც წარმოდგენილია პრიორიტეტებში - ირიგაცია, სოფლის მეურნეობის განვითარება, წყალსაცავები, ძალიან მასშტაბური პროექტები განათლების კუთხით, ახალი გზების მშენებლობა, - ეს ყველაფერი ჯამში ქმნის ძალიან მასშტაბურ სურათს და პლიუს ის უნიკალური გარემო, ის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, რაც არის შიდა ქართლში და რაც ამ რეგიონს ერთ-ერთ ძალზე საინტერესოს ხდის როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. ხშირად ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველო მაშინ არის ძლიერი, როდესაც შიდა ქართლი არის ძლიერი. მოგეხსენებათ, ეს არის საქართველოს გეოგრაფიული გული, ისტორიული გული და კულტურული მაჯისცემაც სწორედ აქედან იძლევა მნიშვნელოვან იმპულსებს და ალბათ არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ აქ გაგვივლო მავთულხლართები მტერმა და ამ მავთულხლართების აღება არის ჩვენი თაობის და ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, შიდა ქართლი არის განსაკუთრებული რეგიონი, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს მავთულხლართებით არის დაჩეხილი და ამ რეგიონის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
,,მოვისმინეთ შიდა ქართლის გუბერნატორის ანგარიში, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა, განსაკუთრებით გასულ წელს და კიდევ უფრო მეტი გეგმა არის მიმდინარე წელს და სამომავლოდ, მათ შორის, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გეგმები, რაც უკავშირდება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ეს არის განსაკუთრებული რეგიონი, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს მავთულხლართებით არის დაჩეხილი. მისი განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმ სოფლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მავთულხლართებს მიღმა არიან იზოლაციაში დარჩენილები და მათთვის ამ სოფლების განვითარება ნიშნავს მომავლის პერსპექტივას. მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივები გაჩნდეს, ადამიანები დამაგრდნენ საკუთარ მიწაზე, გაიხსნას ახალი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მიმართულებით და ამან დამატებითი შემოსავალი მოუტანოს ხალხს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
,,საუბარი გვქონდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც განხორციელდა რეგიონში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება. 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონში 34 მილიონი ლარის ღირებულების 142 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 2019 წელს კი, დაგეგმილია 72 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 617 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ეს შეხვედრა ემსახურებოდა მიზანს, რომ ხშირად მოხდეს ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისთვის. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს გახლავთ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - გზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ამის გარდა, სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების და ინიციატივების მხარდაჭერა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფლის მისასვლელი გზის დაგება იგეგმება, 21 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, დევნილთა დასახლებებში დაგეგმილია შიდა გზების კეთილმოწყობა“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში დაწყებულია ტურისტული იფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის და რეგიონში მოქმედი 6 მუზეუმის რეაბილიტაციაც.