საირმე-უდაბნოს გზაზე მოძრაობა გახსნილია

საირმე-უდაბნოს გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ჩახერგილი გზა ნაწილობრივ გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგა.

გაწმენდითი სამუშაოები გზის ამ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, სტიქიით დაზარალებულ ვანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ.

ვანის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი, თენგიზ თიფურიძე და სამმართველოს თანამშრომლები.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს სტიქიის შედეგების მაქსიმალურად სწრაფად აღმოფხვრისათვის", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.