ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატის თანამშრომლობა შედგა და გრძელდება ჩვენსა და კულტურის სამინისტროს შორის. ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის check in Georgia-ს პროექტს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს check in Georgia-ს კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის კომენტირებისას განუცხადა.
ქვრივიშვილი პროექტის კულტურის სამინისტროსთვის გადაცემას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ უწყებების სინერგიული მუშაობა საბოლოოდ ტურიზმის განვითარებაზე პოზიტიურად აისახება.
„ვფიქრობ საკითხი საკმაოდ სწორი ფორმით დარეგულირდა. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სამინისტრო სწორად შეაფასებს, მაგალითად რომელი არტისტი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის როლი იქნება სწორი სეზონური ხაზგასმა, ანუ რომელ სეზონზე, რომელ რეგიონში უნდა განხორციელდეს ღონისძიებები. ამგვარი სინერგიით ბევრად უფრო პოზიტიურ შედეგს მივიღებთ,“-განაცხადა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ეკონომიკის სამინისტრომ CHECK IN GEORGIA კულტურის სამინისტროს დაუქვემდებარა. პროექტის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია, თუმცა რა ღონისძიებები ჩატარდება პროექტის ფარგლებში, ჯერჯერობთ უცნობია.