საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი მიწის შესახებ კრიტიკას ვერ უძლებს.
სპეციალისტების შეფასებით, ის ვერ ასახავს არსებულ გამოწვევებს და ვერ განსაზღვრავს ქართული მიწისა და სოფლის სტატუსს, რის გამოც კანონი, რომელიც ჯერ არც კი მიუღიათ, სერიოზულად შესაცვლელია.
უფრო ვრცლად, რა შენიშვნები არსებობს მიწის კანონპროექტის მიმართ, როგორ უნდა განისაზღვროს მიწისა და თემის სტატუსი და რა პრინციპით უნდა ხდებოდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება საქართველოში - „რეზონანსის" კითხვებს აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი პასუხობს.
„რეზონანსი": კანონპროექტის მიხედვით, როგორ განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსი და როგორია თქვენი პოზიცია?
პაატა კოღუაშვილი: მოცემული გვაქვს ორი კანონი: მდგრადი მართვისა და საკუთრების შესახებ. სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შესახებ კანონს ვიღებთ და არ გაგვაჩნია საქართველოში სოფლის სტატუსი. შესაბამისად, არც თემის სტატუსია განსაზღვრული. გარდა ამისა, როცა პრიორიტეტებზეა საუბარი, სახელმწიფოს უფლება უნდა ჰქონდეს, პირველი პრიორიტეტი გამოისყიდოს. რიგითობაა საჭირო, რადგან თემსა და სოფელს ჩვენ ეს მიწა უნდა გადავცეთ მუდმივ მფლობელობასა და საკუთრებაში.
საქართველოს აქვს წყლის, წიაღის, ტყის კოდექსები, მაგრამ მიწის კოდექსი არ მოგვეპოვება. სახელმწიფოს გაცნობიერებული არა აქვს, რომ მიწა არის ერის ყველაზე დიდი საუნჯე, მასთან არის დაკავშირებული ჩვენი ერის იდენტობა და რაობა. ვერ გაიგეს, რომ მიწას აღრიცხვა და ყოველწლიური ბალანსის წარმოება სჭირდება. რატომღაც ჰგონიათ, რომ რეგისტრაცია ნიშნავს მიწის აღრიცხვასა და ბალანსის წარმოებას. ასე არ არის, აუცილებელია ცალკე სამსახური, რომელსაც ერქმევა მიწის რესურსების მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სააგენტო. უნდა ვიცოდეთ, რა მიწა გვაქვს, მიწის მესაკუთრეზე არსებობდეს გარკვეული მონიტორინგი, მუშავდება თუ არა მიწა. ფლობდე საკუთრებას, არ არის საკმარისი. უნდა ქმნიდე საზოგადოებრივ სიკეთეს, აბსოლუტური საკუთრება მიწაზე არ არსებობს.
„რ": იმის გამო, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ბაზარი არ გაჩერდეს, მთავრობა აწესებს დამატებით გამონაკლისს, რითაც ბანკებს, რომელთა დომინანტი პარტნიორიც უცხოელია, მიწის ფლობის უფლებას აძლევს. ამ მიდგომამ რა საფრთხე შეიძლება შექმნას?
პ.კ: ბანკებსა და ნებისმიერ სხვა ფინანსურ ორგანიზაციას, რომელიც უნდა იყოს იგი, არ შეიძლება, მიწა საკუთრებაში ჰქონდეს. იპოთეკა, გირავნობა არ არის საფუძველი, რომ მიწა გასხვისდეს. კანონი ბანკების შესახებ ამას კრძალავს. ცხადია, რომ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკსა და მსგავს ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ მიწა საკუთრებაში, ასეთი პრეცედენტი არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს და არც საქართველოში უნდა დავუშვათ.
სისტემა, რომელსაც სახელმწიფოს ვთავაზობ, რადიკალურად განსხვავებულია, მასში ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ეს კანონი არ ითვალისწინებს, მაგრამ აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება კანონი სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის, შესახებ, სოფლად სათემო საკუთრების შესახებ, სოფლის მეურნის, სასოფლო-სამეურნეო იჯარის შესახებ და სხვა, მიწის გასხვისებისას პრიორიტეტები კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. ერთხელაც მინდა გავიმეორო, იპოთეკა და გირავნობა არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ ბანკმა მიწა საკუთრებაში აიღოს, მაგრამ უნდა ჰქონდეს ერთადერთი უფლება, 1 წლის განმავლობაში გაასხვისოს ან თუ არ გაასხვისებს, დაჯარიმდეს და ჩამოერთვას. ასეთია საერთაშორისო პრაქტიკა.
„რ": თქვენი აზრით, როგორ უნდა გასხვისდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რა პრიორიტეტები უნდა არსებობდეს საამისოდ?
ა.კ: ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც ამ პროექტებში უნდა გატარდეს, წარმოდგენილ დოკუმენტებში კი ამაზე მინიშნებაც არ არის, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა. სახელმწიფო არ უნდა იყოს პირველი შემსყიდველი. როცა გადაწყვეტს ფერმერი მიწის ნაკვეთის გაყიდვას, რიგითობაა საჭირო, ამის ისტორიული წესი გვქონდა ქართველებს.
მაგალითად, არაბული თავის სოფელში მიწის გაყიდვას რომ გადაწყვეტდა, პირველ რიგში, შეეკითხებოდა ძმა არაბულს, ხომ არ უნდოდა მიწის ყიდვა. უარის შემთხვევაში უნდა მიემართა ბიძაშვილისთვის (ასევე არაბულისთვის), ისიც უარს თუ იტყოდა, ჰკითხავდა ნათესავ არაბულს, შემდეგ მეზობელს და ბოლოს მიდიოდა თემთა საბჭოში, სადაც გაყიდვის შესახებ განაცხადებდა. თემთა საბჭო იმ მიწას შეისყიდიდა ხატისთვის, ან გადაიყვანდა საძოვრის კატეგორიაში, ან ზედსიძედ შემოსულ კაცს მიჰყიდდა.
დაახლოებით ასეთი ტრადიციაა ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში მიწის ყიდვა თუ უნდათ 35 წლის და 55 წლის ფერმერებს, ახალგაზრდას უპირატესობა ეძლევა. უპირატესობით სარგებლობს ყველა, ვინც ამსხვილებს მიწის ნაკვეთს, მუნიციპალიტეტს, სოფელში არსებულ კომუნას და ა. შ. ასე უნდა იყოს ჩვენთანაც და სახელმწიფოს წვლილი დაბლა ჩამოიწიოს.
„რ": თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაა დღეს მიწის ბაზარზე საქართველოში?
პ.კ: მიწის ბაზარი დღეს მძიმე მდგომარეობაშია, რადგან შეჩერებულია მიწის გასხვისება და ეს პირობა სათანადოდ არ არის განსაზღვრული. სოფელი და თემი არ გვაქვს, შესაბამისად, არც სათემო, ანუ მუნიციპალური საკუთრება არ არის. არ არსებობს სოფლის ტერიტორიული საზღვრები. მარტო სახელმწიფოს როლია გამოკვეთილი, რაც უბედურების მეტს არაფერს მოგვიტანს. თემს, სოფელს უნდა ჰქონდეს ამის უფლება, სარგებლობისა და მფლობელობის საკითხები თავად გადაწყვიტოს.
საქართველოს კონსტიტუციამ ეს საკითხი გადაწყვიტა და ჩაწერა, რომ მიწა საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას, მუნიციპალიტეტს, კერძო პირსა და კერძო პირთა გაერთიანებებს, მაგრამ ეს არის და ეს, დანარჩენ საკითხს ორგანული კანონი არეგულირებსო. ორგანული კანონიც კონსტიტუციასთან უნდა იყოს თანხვედრაში, რაც ჯერჯერობით ასე არ არის.
„რ": თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ?
პ.კ: ჯერ კიდევ 1994 წელს, ჩემი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველი სამეურნეო გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. ზუსტად იგივე უნდა მოხდეს ახლაც, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მიწის გაყიდვის მხრივ აფხაზეთში მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხინვალის რეგიონში. აფხაზები სხვა ეროვნების ადამიანებზე მიწას არ ასხვისებენ. სხვა სიტუაცია გვაქვს ცხინვალის რეგიონში. ამიტომ როცა ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქცია აღდგება, სამეურნეო გარიგებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ან შესაბამისმა სამთავრობო კომისიამ განიხილოს.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"