საქართველოში ბაყაყების ბიზნესი 2010 წელს დაიწყო, თუმცა პროექტი მალევე ჩავარდა. საუბარი იყო ჯერ ბაყაყების მოშენებაზე, შემდეგ კი მისი ექსპორტის, როგორც კვების პროდუქტის. „საქსტატის“ მონაცემებით, ბაყაყების ქვეყნიდან გატანა მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს განხორციელდა, შემდეგ კი შეწყდა. აღარ არსებობს არც ის კომპანიები, რომლებმაც იმ პერიოდში აღნიშნული საქმიანობა წამოიწყეს.
რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ბაყაყის თათების იმპორტი 2018 წლის ჩათვლით ხორციელებოდა. კერძოდ, 2015 წელს საქართველოში 0,1 ტონა პროდუქტი შემოვიდა, 2016 წელს - 0,6 ტონა, 2016 წელს - 0,048 ტონა, 2017 წელს - 0,3 ტონა, ისევე როგორც 2018 წელს. 2019 წელის იანვარ-თებერვალში კი, ბაყაყის თათების იმპორტი აღარ განხორციელებულა.
რატომ ჩავარდა ბაყაყების ბიზნესი და ამასთან, აქვს თუ არა ქვეყანას რესურსი, რომ ეს სფერო განავითაროს, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ საქმიანობის ჩავარდნის მიზეზი მისი არასწორად დაგეგმვა იყო. მისი თქმით, ბიზნესის დასაწყებად პირველ რიგში, საჭიროა შესაბამისი ცოდნის დაგროვება, შემდეგ კი სწორად დაგეგმვა, რადგან ვერ განახორციელებ პროდუქტის ექსპორტს, თუ მისი მოშენება და გამრავლება არ იცი.
რაც შეეხება რესურსს, თემურ ტყემალაძის თქმით, ქვეყანაში დარგის განვითარების დიდი პერსპექტივები არსებობს, რადგან ბაყაყი ყველა რეგიონში უხვად ბინადრობს.
„ბაყაყის წარმოება ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ეს არის იქტიოფაუნის ერთ-ერთი საუკეთესო კვების პროექტი. აღნიშნული სახეობა განკუთვნილია მხოლოდ კვებითი დანიშნულებისთვის, ამ დროს, ჩვენთან ამის კულტურა არ არსებობს. არადა, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. თუმცა, ჩვენთან იშვიათად, რომ რომელიმე რესტორანში შეხვიდეთ, თითქმის არსად არის ბაყაყის მომზადების კულტურა. მით უმეტეს, ჩვენთან უამრავი შატოებია სხვადასხვა რეგიონში და ამ პროდუქტის დამატება, მიმზიდველობას შესძენდა ყველა ასეთ ობიექტს“,-ამბობს თემურ ტყემალაძე.
მისი თქმით, ბაყაყის მოშენება საქართველოს პირობებში არანირ სირთულეს და არც დიდი ფინანსურ დანახარჯებს უკავშირდება, ბიზნესის დასაწყებად კი მთავარი, სწორი ინფორმაციის მიწოდებაა, რასაც ჩვენთან არავინ აკეთებს.
„ქართული ბაყაყის ხორცს აქვს არაჩვეულებრივი გემო და განსაკუთრებით დიდი მოწონებას ტურისტების მხრიდან იმსახურებს. რაც შეხება მის მოშენებას და გამრავლეაბას, არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ბევრად მარტივია ბაყაყის წარმოება, ვიდრე სხვა აკვაკულტურის.
უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს საგანმანათლებლო ცენტრები, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიან. ამ საკითხს უყურებენ ასე - ბაყაყი რას მომცემს?!... არადა, ძალიან ბევრ რამესაც მოგცემს. მისი წარმოება არაფერს ხელს არ უშლის. ჩვენი რესურსები სრულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ. ამას არც დიდი ფართი სჭირდება, ნახევარი ჰექტარიც რომ გქონდეს, აწარმოებ თავისუფლად“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ტურისტების მხრიდან აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა სულ არის, საქართველოშიც არაერთი მსურველია, ვისაც ბაყაყის ხორცი უყვარს და სიამოვნებით შეიტანდა საკუთარ კვებით რაციონში.
ცნობისთვის, ბაყაყის ხორცი გემო თვისებებით, ქათმისა და თევზის ხორცს წააგავს.
როგორც თემურ ტყემალაძე აღნიშნავს, იმისთვის რომ სფერო განვითარდეს, სახელმწიფოს ნებაა საჭირო, რომ მწარმოებლებს ხელი შეუწყოს, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე ამ მიმართულების სერტიფიცირების კუთხით.
„მე ვფიქრობ, სახელმწიფო ნება უნდა გაჩნდეს, რომ ხელი შეუწყონ მწარმოებლებს. ეს არის ქვეყნისთვის დამატებით შემოსავლები, რადგან საშუალო ბიზნესის წარმოების საუკეთესო მიმართულებაა. თუ თევზზე მოთხოვნა იზრდება და სპეციალური პროგრამები მუშავდება, აქაც საჭიროა რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რაშიც საზოგადეობაც უნდა ჩაერთოს. ეს არის ბიზნესი, რომელიც დიდ დანახარჯებს არ მოითხოვს და ამასთან, ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
გარდა ამისა, ბაყაყის ბიზნესში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს, მოხუცს თუ ახალგაზრდას. ერთადერთი სამაცივრე დანადგარები იქნება საჭირო და შემდეგ სერტიფიცირება“,- ამბობს თემურ ტყემალაძე.