საქართველოში ერთ წელიწადში დაზღვეული ავტომანქანების რაოდენობა 8,3%-ით გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მანქანის დაზღვევის კულტურა მაინც დაბალია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული. კერძოდ, გასულ წელს ავტომანქანის დაზღვევის 75 863 პოლისია გაცემული, რაც 2017 წელთან შედარებით 5 821 პოლისით მეტია.
ამავე სტატისტიკით, ავტოდაზღვევიდან მოზიდული პრემია 2018 წელს სულ 85,77 მლნ ლარს შეადგენდა. პრემიის 26%, 22,42 მლნ ლარი - ,,თიბისი დაზღვევაზე“ მოდის, 25%, 21,98 მლნ ლარი - „ალდაგზე”, 16%, 13,43 მლნ ლარი ,,ჯი პი აი ჰოლდინგზე”, 5%, 4,22 მლნ ლარი “ირაოზე“, 4%, 3,82 მლნ ლარი „ტაოზე“, 24% კი ყველა დანარჩენ სადაზღვევო კომპანიაზე ნაწილდება.
ამასთან, 2016 წელს საქართველოში სულ 51 551 ავტომანქანა იყო დაზღვეული, 2017 წელს კი 70 042.