ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) ერთად, ქალსა და მამაკაცს შორის თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებს, რომელიც გაზიარდება ეროვნულ დონეზე და დაინერგება წევრ კომპანიებს შორის.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით დაიწყო.
ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წარმომადგენლებმა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ასოციაციის მიერ თანაბარი ანაზღაურების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისა და შემდგომში მისი იმპლემენტაციის გზებისა და პერსპექტივების შესახებ.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავებთ პოლიტიკის დოკუმენტს, იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს დამსაქმებელთა ასოციაციის როლი ამ პროცესში და რა სახით უნდა წარვუდგინოთ იგი როგორც მთავრობას, ისე ჩვენს წევრ კომპანიებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხზე და გამოვლინდა, რომ განვითარებულ კომპანიებში, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობენ, არ აღინიშნება ხელფასებს შორის განსხვავება, თუმცა სხვაობა არის გარკვეულ კომპანიებში, რაც მოგვარებადია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებით", - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს უახლოეს მომავალში შესთავაზებს კონკრეტულ სერვისებს, რომელიც ბიზეს სექტორში გენდერის ჭრილში თანაბარი ანაზღაურების კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.