საპენსიო სქემა 90-მა, 40 წელს ზემოთ მყოფმა, ადამიანმა დატოვა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოში განუცხადეს.როგორც სააგენტოში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, მას შემდეგ რაც ადამიანი სქემის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს, საპენსიო დანაზოგი უკან უბრუნდება. სააგენტო დამსაქმებელს უბრუნებს თანხას, დამსაქმებელი კი დაბეგრილ წილს ურიცხავს დასაქმებულს.
„საპენსიო რეფორმაში ნებაყოფლობით ჩართულ პირებს შეუძლიათ დაწერონ განცხადება ქვეყნის მასშტაბით 70 ლოკაციაზე და განცხადების დაწერისთანავე დატოვონ სქემა. საპენსიო სააგენტო, კანონის თანახმად, ვალდებულია სქემის დატოვებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში დაგროვილი დანაზოგიდან 2% დაუბრუნოს სახელმწიფოს, ხოლო 4% დამსაქმებელს სარგებლით. დასაქმებული კი დამსაქმებლის ბუღალტერიის გავლით იღებს კუთვნილ დაბეგრილ წილს,“-განმარტავენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ პირველი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო საგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება.