იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე შენიშვნები აქვს

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შენიშვნები აქვს. პროექტის განხილვა კომიტეტში პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია წარადგენს.

კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოელის ვალდებულებას დაამუშავოს მემკვიდრეობით საკუთრებაში მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტით გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.

როგორც ამასთან დაკავშირებით საკომიტეტო განხილვისას აღინიშნა, ამდაგვარი რეგულირებით სახელმწიფო დიფერენცირებულად ეპყრობა უცხო ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეებს მათთვის თანაბარად მნიშვნელოვან სამართლებრივ ურთიერთობაში, რამაც შესაძლოა, გააჩინოს ნორმის არაკონსტიტუციურობის ეჭვი.

ცნობისთვის, პარლამენტში შემუშავებული საკანონმდებლო კანონი გამომდინარეობს იმ კონსტიტუციური ჩანაწერიდან, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში.