White&Case-თან გაფორმებული ხელშეკრულება ემსახურებოდა რჩევებს და მოლაპარაკებებში დახმარებას - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
თუმცა მისივე თქმით, კომპანიას რჩევა ჯერჯერობით არ მოუცია, რამდენადაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჯერ ისევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„მზად ვართ ანაკლიის ინვესტორებთან შესახვედრად. ახლა მოლაპარაკება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტორ ბანკებთან თარიღთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ინვესტორებთან შეხვედრა აუცილებელია და მთავრობა ამისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა უნდა გაიმართოს, რათა მოლაპარაკება და ინვესტორების მოთხოვნის დეტალებში გარკვევა შევძლოთ და პოზიციები შევაჯეროთ. ასე რომ, ჩვენ ამ შეხვედრის სრული მზაობა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ აპრილში გაიმართება. ამ შეხვედრის შემდეგ პროექტს White&Case-თან ერთად შევაფასებთ. შეხვედრას ეს კომპანიაც დაესწრება“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.
ცქიტიშვილის თქმითვე, ინვესტორებთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდება, მისაღებია თუ არა ინვესტორების მიერ წამოყენებული პირობები.
„ასეთი მოლაპარაკების შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გარკვევა, თუ რომელი პოზიციის დათანხმება იქნება ჩვენთვის მისაღები. შეხვედრა სწორედ იმას ემსახურება, რომ პოზიციები შეჯერდეს და კომპრომისები გამოიძებნოს, რისი სურვილიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ "ანაკლიის კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის ანალიზისთვის საერთაშორისო იურისტები დაიქირავა. კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი