რატომ აპროტესტებს ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობას და როგორ აპირებს სამინისტრო პრობლემის მოგვარებას

ვეცდებით, ფონიჭალის მოსახლეობასთან თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ფონიჭალაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის პროტესტს აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მათ თბილისი-რუსთავის გზის ერთ მონაკვეთთან აქვთ პრობლემები.

„მოსახლეობის პროტესტი და მოთხოვნები, რომლებიც მათ აქვთ, არ არის სამართლიანი. პირველ რიგში იმის გათვალისწინებითაც, რომ ბევრი ოჯახი, რომელიც გზის მშენებლობას აპროტესტებს, უფრო ახლოს არის არსებულ გზასთან, ვიდრე ის იქნება ახალ გზასთან. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც აპროტესტებენ. ჩვენ ერთი შეხვედრა უკვე გვქონდა მოსახლეობასთან, ვცდილობთ, მოსახლეობას განვუმარტოთ დეტალები, რომელიც მათ უნდა იცოდნენ. განსახლების პროცესს არ ექვემდებარება ეს გზა, ამიტომ აქაც მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის პროცესში ვეცდებით, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. თბილისი-რუსთავის გზა მთლიანად არის მრავალწლიანი პროექტი, რომელიც გულისხმობს მის სხვადასხვა მონაკვეთის მშენებლობას და არა მხოლოდ ერთ მონაკვეთს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, ფონიჭალის მოსახეობის ნაწილი ავტობანის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ არ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოს აღმშენებლობით პროცესს, მაგრამ ამბობენ, რომ სახელმწიფომ არ უნდა შებღალოს მათი უფლებები. ისინი აცხადებენ, რომ არსებულ სახლებში ცხოვრება მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 310 ოჯახი საკუთარი სახლებიდან გასახლებას, მათი ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას ითხოვს.

ცნობისთვის, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებენ. ავტობანის სიგრძე 17.4 კილომეტრია და სამი მონაკვეთისგან შედგება.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი