შესაძლებელია, თუ არა საშუალო შემოსავლის მქონე პირმა იპოთეკური სესხი აიღოს - ამის სესახებ კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 1-ლი იანვრიდან სებ-ის ახალი რეგულაცია - პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ შევიდა ძალაში.
„კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება. რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის“ არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია. სესხები, მათ შორის იპოთეკური უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60 კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია რომ შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს.
ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.