ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მცირედით შემცირდა, თუმცა საქართველოში გაძვირებას განაგრძობს. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში ერთი კილოგრამი ოქრო 43 426 დოლარი ღირდა, ერთი უნცია კი 1 350 დოლარი, ახლა კილოგრამი ოქრო 41 882 დოლარი ღირს, ერთი უნცია კი 1 302 დოლარი.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, 2019 წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ერთი გრამი ოქროს ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 2 დოლარით შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს ფასებს, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, გასულ წელთან შედარებით, ოქროს ღირებულებამ საშუალოდ, 10 ლარით მოიმატა. კერძოდ, თუ 2018 წლის აპრილში 1 გრამი „ჯართი“ ოქროს ფასი 53 ლარი იყო, ახლა 63 ლარს შეადგენს.
რა არის საქართველოში ოქროს გაძვირების მიზეზი - მოვაჭრეები ამბობენ, რომ მომწოდებელმა ქვეყნებმა გააძვირეს, შესაბამისად, ეს ადგილობრივ ფასებზეც აისახა.
„ოქრო გასულ წელთან შედარებით, 10 ლარით არის გაძვირებული. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ სხვა ქვეყნების ფასებზე ვართ დამოკიდებული. როგორც იცით, ეს ოქრო იმპორტირებულია იტალიიდან, თურქეთიდან და ა.შ. მათ გააძვირეს. ფასს ჩვენ ხომ არ დავადგენთ?!“, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ამასთან, როგორც ოქროს რეალიზატორები აღნიშნავენ, პროდუქტის გაძვირების პარალელურად, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, რის გამოც, „ოქროს ბირჟას“ მუშაობა თავის სარჩენად უწევს“.
„მომხმარებლების რაოდენობა სულ უფრო იკლებს. ალბათ, ამის მიზეზი ფასებია. ფატობრივად, „ოქროს ბირჟას“ მუშაობა არ აქვს... თქვენ თვითონ შეხედეთ მყიდველების რაოდენობას, ასეთი ცოტა არასდროს ყოფილა“,- განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ კიდევ ერთმა მოვაჭრემ.