თბილისის მერი ჩიხში შევიდა ტაქსებთან დაკავშირებით და უკან დახევა არ შეუძლია, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერიაში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ და შეეძლებათ ავტომობილებზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან.
გარდა ამისა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, კახა კალაძემ „სხვის ქონებაზე რეკლამის განთავსების უფლება გაყიდა“.
„თბილისის მერმა გაყიდა სხვის ქონებაზე რეკლამის განთავსების უფლება. იურიდიულად წარმოუდგენელი რამ გააკეთა. დათვლილი იყო ტაქსების რაოდენობა, სხვისი ქონება იყო დათვლილი და სწორედ ეს ქონება სარეკლამოდ გაყიდა თბილისის მერმა. გამოდის, რომ თბილისის მერი შევიდა ჩიხში ტაქსის მძღოლებთან ერთად. მას უკან დახევა ახლა არ შეუძლია იმიტომ, რომ გაყიდული აქვს სხვისი ქონება და თუ ის უკან დაიხევს, მაშინ ის კონტრაქტი, რომელიც მერიას და ბიზნესკომპანიას ერთმანეთთან აკავშირებს, უნდა ჩაიშალოს. საუბარია კომპანია „ალმაზე“, რომელმაც რეკლამის განთავსების უფლება მოიპოვა, როგორც მეტროსადგურებში, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და მათ შორის ტაქსებზეც“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.