ალექსანდრე ძნელაძე - ეროვნული ბანკის რეგულაციები გადაჭარბებულ ზომად მიმაჩნია

„აღნიშნული რეგულაცია მიმაჩნია გადაჭარბებულ ზომად იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებიც იყო გაცხადებული“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის საკმაოდ კომპლექსური რეგულაცია და ხისტი ჩარევა იმ პროცესში, რასაც მოთხოვნა-დაფინანსება-მიწოდების დარეგულირება ჰქვია.

როგორც ალექსანდრე ძნელაძემ აღნიშნა, რაც დრო გავა, ეს შედეგი მით უფრო თვალსაჩინო იქნება.

„სიმართლე გითხრათ, ჭაბვალიანობის ტერმინი დიდად არ მოწმონს, რადგან რეალურად სად არის ეს ჭარბვალიანობა?! აღიარების პროცესში ითქვა, რომ იპოთეკის ბაზარზე ეს ე.წ ჭარბვალიანობა არ ყოფილა, იყო მხოლოდ რაოდენობრივ ჭრილში, მცირე სესხებთან მიმართებით და არსებობს პრაქტიკები, რომელიც ამის საპირწონედ შეიქმნა. ეს იყო მაქსიმალური ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის დადგენა, რომელიც ძალაუნებრურად ამცირებს რაოდენობრივ ჭრილში სესხის აღების შესაძლებლობას, რადგან დაბალ საპროცენტო განაკვეთებში რთულია გასცე მაღალრისკიანი სესხები.

როგორც ნახეთ, როდესაც მაქსიმალური 100%-ანი ზღვარი შემოვიდა, მიკროსაფინანსოების და არამიკროსაფინანსო მოთამაშეების რაღაც რაოდენობა გავიდა ბაზრიდან. 50%-იანი ზღვარი ვეღარ ვნახეთ, იქიდან გამომდინარე, რომ შემოვიდა უფრო მძიმე რეგულაცია, რომელმაც ალბათ, კიდევ უფრო მეტად „მოუჭირა“ აღნიშნულ სეგმენსტს. ამიტომ მიჭირს გითხრათ, რომელ ჭარბვალიანობას ვებრძვით აღნიშნული რეგულაციით.

შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია მიმაჩნია გადაჭარბებულ ზომად იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებიც იყო გაცხადებული. რაც დრო გავა, მით უფრო თვალსაჩინო იქნება ეს შედეგი. ამ რეგულაციას არ აქვს შუალედური პერიოდი. ეს არის საკმაოდ კომპლექსური რეგულაცია და ხისტი ჩარევა იმ პროცესში, რასაც მოთხოვნა-დაფინანსება-მიწოდების დარეგულირება ჰქვია. ამიტომ, როდესაც ამ რეგულაციის შედეგს დავინახავთ, მისი გამოსწორება იქნება უკვე დაგვიანებული. თუმცა, თუ ყველაფერი იმ სქემით წავიდა, რა მოლოდინებიც აქვს ეროვნულ ბანკს, მაშინ მივიღებთ კარგ შედეგს“,- განაცადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ნინი ქეთელაური