სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში 47 აუდიტი ჩაატარა, აუდიტორულმა თანხამ კი 3 მლრდ ლარზე მეტი შეადგინა.
ანგარიშის მიხედვით, აუდიტების შედეგად 700-მდე შემთხვევაში 626 მლნ ლარის მართვისა და განკარგვის პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანება, მათ შორის, 578,123.5 ათასი ლარი − აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია.
უწების განმარტებით, აღნიშნული ძირითადად გამოწვეულია საბიუჯეტო რესურსებისა და აქტივების არამიზნობრივი თუ არაეფექტიანი განკარგვით, შესყიდვების პროცესში არსებული სხვადასხვა დარღვევით, ასევე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისას დაშვებული დარღვევა - ნაკლოვანებებით.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების მართვის პროცესში გამოვლინდა 33 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სახის დარღვევა. ამასთან, საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებების შედეგად, არასწორად არის განკარგული 13 მილიონ ლარზე მეტი.
აუდიტის ანგარიშში საუბარია მუნიციპალიტეტებში აქტივების მართვის ნაკლოვანებებზეც, კონკრეტულად კი ირკვევა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებს არასათანადო კონტროლი აქვთ დაწესებული აქტივების აღრიცხვის, განკარგვისა და დაცვის მხრივ. აქტივების მართვაში არსებულმა დარღვევა-ნაკლოვანებების მოცულობამ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.