მაღალი შემოსავლის მქონე ბევრ ადამიანს სჯერა, რომ გერქვას „მდიდარი“ სუბიექტური შეფასების საგანია, თუმცა მონაცემები გვიჩვენებს, რომ არსებობს ხერხი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს, ხარ თუ არა ამერიკელების უმეტესობაზე ფინანსურად უფრო შეძლებული.
როგორც Business Insider-ი წერს, თუ მხოლოდ მცირე ვალი გაქვს, შეგიძლია დროულად გახვიდე პენსიაზე, ანდა მნიშვნელოვანი დანაზოგი გაგაჩნია, ეს იმის მანიშნებელია, რომ შენ ადამიანების უმეტესობასთან შედარებით უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფები.
მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების თანახმად, სულაც არ არის საჭირო ბევრი ფული გქონდეს, რათა „მდიდარ“ ადამიანად იწოდებოდე.
ბევრი ადამიანი თვლის, რომ იყო მდიდარი, ნიშნავს აშშ-ს ზოგიერთ ყველაზე მდიდარ ქალაქებში მცხოვრებ ყველაზე მაღალშემოსავლიან პირთა ტოპ 1%-ში შედიოდე, ან შეგეძლოს თვალისმომჭრელი სასახლის ყიდვა, ანდა ცხოვრებას ერთი მდიდრული კურორტიდან მეორეზე გადაფრენაში ატარებდე.
მაგრამ „სიმდიდრე“ შესაძლებელია წარმოადგენდეს მდგომარეობას, რომელიც ადამიანის განწყობით მიიღწევა - ამბობენ მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, რომლებმაც შემოსავლების ნაწილი მხოლოდ იმიტომ დათმეს, რათა ის ეკეთებინათ, რაც მათ სურდათ.
საინვესტიციო ბანკის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ადისმა „Business Insider“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს უფრო მდიდარ ადამიანად მიიჩნევს ახლა, როდესაც ადრინდელი ექვსციფრიანი ხელფასის მხოლოდ დაახლოებით 40%-ს გამოიმუშავებს, და, ამავე დროს, მსოფლიოში მოგზაურობს. ნიკ და დარიეს სვიფტებმა თქვეს, რომ თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ, მას შემდეგ რაც სამსახურიდან წამოვიდნენ და წინა შემოსავალთან შედარებით ნაკლებს გამოიმუშავებენ. „West Texas Investor's Club“-ის თვითშემდგარი მილიონერი ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა უფრო ღირებულია, ვიდრე მათ მიერ გამომუშავებული ფული.
მიუხედავად იმისა, ადამიანების ეს კატეგორია მიიჩნევს, რომ გერქვას „მდიდარი“ სუბიექტური შეფასების საგანია, არსებობს სიმდიდრის განმსაზღვრელი გარკვეული მაჩვენებლები, რომელთა სისწორეშიც ძნელია ეჭვი შეიტანო. ხუთი ხერხი იმის დასადგენად, რომ მდიდარი ხარ, მოცემულია ქვემოთ:
თუ არ გაქვს ბევრი ვალი
თუ ძალიან ცოტა ვალი გაქვს, ან საერთოდ არ გაქვს ვალი, არსებობს შანსი იმისა, რომ უფრო მდიდარი იყო, ვიდრე გგონია, ამბობს ქონების საკითხებში მილიონერების მრჩეველი. ყოველი ოთხი ამერიკელიდან ერთი სტუდენტური სესხის მომსახურებით არის დაკავებული, ხოლო, 2018 წელს, შინამეურნეობების ვალის ნიშნულმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
თუ თქვენ იმ იღბლიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც იმ შემოსავალს კმარობს, რასაც გამოიმუშავებს, მაშინ თქვენ სხვებთან შედარებით უფრო მეტი ქონება გაქვთ: „ბევრ ადამიანს უჭირს ცხოვრებაში იმის გააზრება, რომ საქმე იმაში არაა, თუ რამდენ ფულს გამოიმუშავებ, არამედ იმაში, თუ რამდენის დაზოგვას ახერხებ.“ წერს რობერტ კიოსაკი თავის წიგნში ფინანსების შესახებ: "Rich Dad Poor Dad." [„მდიდარი მამა, ღარიბი მამა“].
მაშინაც შეგიძლია კომფორტულად იცხოვრო, თუ იმაზე ნაკლებს ხარჯავ, ვიდრე გამოიმუშავებ
საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად ცხოვრება, ან შემოსავალზე ნაკლები დანახარჯით ცხოვრება, შესაძლოა, თქვენთვის საყურადღებოდ არ ჟღერდეს, თუკი უკვე ასე იქცევით, თუმცა ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება თავს ამის უფლება მისცეს. „The Pew Charitable Trusts“-ის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რესპოდენტთა მხოლოდ 46%-მა განაცხადა, რომ უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ხარჯი და მხოლოდ 47%-ს ჰქონდა თანმიმდევრული და პროგნოზირებადი საყოფაცხოვრებო გადასახადები და შემოსავალი თვიდან თვემდე.
თუ იმაზე მეტს გამოიმუშავებ, ვიდრე გადასახადებში ხარჯავ, ესე იგი, შენ უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ვიდრე ქვეყნის თითქმის ნახევარი მოსახლეობა.
დანაზოგის გაკეთება თავისუფლად შეგიძლია
„Bankrate“-ის მიერ 2018 წელს წარმოებული გამოკითხვის თანახმად, დაახლოებით ხუთიდან ერთ ამერიკელს დანაზოგი საერთოდ არ გააჩნია. გამოკითხული რესპოდენტების თქმით, ისინი თანხების დაზოგვას ვერ ახერხებენ იმ მიზეზით, რომ არ აქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახური, და მაღალი ხარჯები და ვალები აქვთ.
თუ შეგიძლია თავს უფლება მისცე და პენსიაზე საპენსიო ასაკში გახვიდე, ესე იგი, უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ვიდრე ამერიკელთა უმრავლესობა.
თუ შეგიძლია თავს უფლება მისცე და პენსიაზე დაგეგმილ დროს გახვიდე
დანაზოგების ნაკლებობა ცუდად აისახება საპენსიო ასაკზე. „GoBankingRates“-ის მიერ 2019 წელს წარმოებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ამერიკელთა დაახლოებით 43% პენსიაში გასვლის შემდეგ უსახსროდ რჩება. გამოკითხულთა განცხადებით, ისინი ვერ ახერხებენ დანაზოგის გაკეთებას, ვინაიდან საკმარის თანხებს ვერ გამოიმუშავებენ და შემოსავლის უდიდეს ნაწილს გადასახადებში ხარჯავენ.
ტრადიციულად, საპენსიო ასაკს წარმოადგენს 65 წელი, მაგრამ ამჟამად ვითარება იცვლება, ვინაიდან, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ ამერიკელს უჭირს 20 ან მეტი წლის განმავლობაში ხელფასის გარეშე ცხოვრება. „Bloomberg“-ის ანგარიშში, რომელიც აშშ-ს დასაქმების სტატისტიკის ბიუროს მონაცემებს ეყრდნობა, ნათქვამია, რომ 65 წლისა და უფროსი ასაკის ამერიკელების 20% კვლავ განაგრძობს მუშაობას; ამავე ანგარიშში მოყვანილია საპენსიო კვლევების ტრანსამერიკული ცენტრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკის იმ პირების ნახევარი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, აცხადებენ, რომ მათ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ფინანსური მოტივი უდევს.
თუ შეგიძლია თავს უფლება მისცე და პენსიაზე საპენსიო ასაკში გახვიდე, ესე იგი, უკეთეს მდგომარეობაში ხარ, ვიდრე ამერიკელ ხანდაზმულთა უმრავლესობა.
თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ ხარ
„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ფული თავისუფლებას გართმევს, ძალიან ბევრი თვალსაზრისით“ საკუთარ წიგნში "#GIRLBOSS." [„გოგონა-ბოსი“] წერს თვითშემდგარი მილიონერი და „NastyGal“-ის დამფუძნებელი - სოფია ამორუსო, და აგრძელებს:
„თუ ისწავლი როგორ აკონტროლო საკუთარი ფინანსები, არ აღმოჩნდები მიჯაჭვული იმ სამუშაოზე, ადგილზე თუ ურთიერთობაზე, რომელიც გძულს, მხოლოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არსად გაქვს.... ფინანსური კეთილდღეობა ძალიან ბევრი კარის გაღების საშუალებას გაძლევს. ფინანსური სიდუხჭირე კი ცხვირწინ მიგიხურავს ყველა კარს“.
მოამზადეს: ეკა ბიწკინაშვილმა და სოფო გორდელაძემ