ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეოთხე საამქროს 28-ე ღუმელიდან გუშინ, 12:15 საათზე კაზმი ამოიფრქვა, რასაც ძლიერი აალება და კვამლის გავრცელება მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქარხნის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დროულად მოხერხდა ღუმელის გათიშვა და ვითარების შემდგომი გართულების თავიდან აცილება.
„მაღალმა ტემპერატურამ ღუმელის გაგრილების და გაზგამწმენდი სისტემები დააზიანა. ამჟამად მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ღუმელის მუშაობა აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლდება.
აღსანიშნავია, რომ მეტალურგიულ წარმოებაში ღუმელიდან კაზმის ამოფრქვევა გავრცელებული მოვლენაა. ქარხანაში ამჟამად მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შემდგომი პრევენციის ზომების გატარება მიმდინარეობს“, - აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებაში.