ხარაგაულში რამდენიმე ადამიანს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის გამო ხარაგაულის რაიონში რამდენიმე ადამიანის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.

როგორც ცნობილია, ,,საქართველოს რკინიგზა“ ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ 2011 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის მიზანია უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით რკინიგზის ხაზის გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის დროის შემცირება.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე მე-7 გვირაბისა (სოფ. ანიულას მიმდებარე ტერიტორია) და რკინიგზის სადგურ მოლითის დამაკავშირებელი სარკინიგზო და მის პარალელურად არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნული მონაკვეთის ასაშენებლად, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მითითებით აუცილებელია გივი კვინიკაძის საკუთრებაში არსებული (ს/კ 36.17.33.130), ზურაბ კვინიკაძის, კუკური კვინიკაძის, მაგდა კვინიკაძის, ნანა კვინიკაძის, ნინო კვინიკაძის, ნონა კვინიკაძის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 36.17.33.190) გამოსყიდვა, თუმცა დასახელებულ მესაკუთრეებთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვინაიდან, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, თბილისი – მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლება:

„უძრავი ქონება – მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანიულა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 945 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნებოძირი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საერთო ფართი 1570 კვ.მ და მასზე არსებული შენობა/ნაგებობა, საექსპროპრიაციო ფართი 658 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა/ნაგებობა, ნარგავები“, - აღნიშნულია ბრძანებაში.