"მთავარი პრობლემა იმაშია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ლაბორატორია, არ აქვს საშუალება გააკონტროლოს, რომელია ბიოდეგრადირებული პარკი და რომელი არა"

მთავარი პრობლემა იმაშია, რომ დღეს სახელმწიფო მზად არ არის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. არ გააჩნია ლაბორატორია, არ აქვს საშუალება გააკონტროლოს, რომელია ბიოდეგრადირებული და რომელი არა, - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პოლიეთილენის, არადეგრადირებადი პარკების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოში არა ბიოდეგრადირებადი, არამედ პოლიეთილენის პარკები შემოდის.

„რაღაც გარკვეული სტრუქტურული ანალიზი სამხარაულის ექსპერტიზით ვერ ხერხდება, რაც მოხერხდა ძირი არის პოლიეთილენის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ბიო", - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, გაუგებარია ამ შემთხვევაში რატომ არ ხდება შესაბამისი უწყებების მხრიდან ჯარიმების გამოწერა.

„სერთიფიკატები არის თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს არის ბიოდეგრადირებული, მაგრამ სამწუხაროდ შეიძლება იქაც ხდება ყველაფრის გაყალბება. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის საშუალება, რომ მეწარმეები დავიცვათ და ის პროდუქცია, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ვაკონტროლოთ, მავნებელია თუ არა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის განმარტებით, ამ მიმართულებაზე პასუხიმგებელი არის მთავრობა, რომელმაც შესაბამისი ლაბორატორია უნდა შექმნას. ამასთან, ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა აკრძალვები წესდება, ამ შემთხვევაში შესაბამისი ზომებიც უნდა გატარდეს.