პლასტიკური პარკების წარმოება-რეალიზაციის აკრძალვისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში, სამუშაო ფორმატში კონსულტაციები გაგრძელდება.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ განაცხადა, სამუშაო ჯგუფში ჩაერთვებიან როგორც დეპუტატები, ასევე გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები და ასევე თავად მწარმოებლები.
პლასტიკური პარკების წარმოების აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, ორი კომიტეტის სხდომაზე ხმაურიანი განხილვის თემა იყო, მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ მათ 1-ელ აპრილამდე სათანადო გადაიარაღება ვერ მოასწრეს, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას ვერ ახერხებენ და წარმოების პროცესი იძულებით გააჩერეს. მწარმოებლები მთავრობისგან რამდენიმეწლიანი ვადის მიცემას და შესაბამისი რეგულაციების შეჩერებას ითხოვენ.
მათ საპასუხოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 1-ელ აპრილს ძალაში შესასვლელ რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ყველა მწარმოებელი, მათთან შეხვედრა რამდენჯერმე გაიმართა.
თანდილაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მწარმოებლებს ჰქონდათ რეგულაციების გადავადების მოლოდინი და სათანადოდ ამიტომ არ მოემზადნენ.