სტიქიამ "ნაბეღლავის" ქარხნის მუშაობა შეაფერხა

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დატბორილია რამდენიმე სოფელი.

მოულოდნელმა სტიქიამ ჩოხატაურის რაიონებშიც რამდენიმე სოფელი დააზარალა და მოსახლეობის ნაკვეთები დააზიანა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა "ნაბეღლავის" მინერალური წყლის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაც.

"წყალი მარგებელის" ინფორმაციით, სტიქიის შედეგად "ნაბეღლავის" ქარხანაში მუშაობა შეფერხებულია. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ვიქტორია ჟიჟკოი აცხადებს, ქარხანა 2-3 დღეში ამუშავდება.

"წუხელ ნაბეღლავის ქარხანა დააზიანა სტიქიამ, რის შედეგადაც მუშაობა ამ ეტაპზე ქარხანაში შეფერხებულია. ზარალი საკმაოდ დიდია, თუმცა ძირითადი დანადგარები დაზიანებული არ არის. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშოები, სავარაუდოდ, ქარხანა 2-3 დღეში ამუშვდება. "წყალი მარგებელი" მოგახსენებთ, რომ პროდუქციის მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. ქარხნის სრული ამუშავება დაახლოებით 10 დღეში იგეგმება", - განაცხადა ჟიჟკომ.